ლიონს მიქაუტაძის გაყიდვა ან იჯარით გაშვება არ სურს - Lyon Foot
ფრანგული გამოცემა Lyon Foot-ი „ლიონის“ ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ „იუვენტუსისა“ და „ვესტ ჰემის“ ინტერესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფრანგული კლუბი ქართველი ფორვარდის გუნდიდან გაშვებას არ განიხილავს.
რას წერს გამოცემა:
„მიქაუტაძემ რამდენიმე მსხვილი ევროპული კლუბის ინტერესი მიიპყრო. „იუვენტუსი“ მის იჯარას და 20 მილიონად სავალდებულო გამოსყიდვას განიხილავს. ქართველი თავდამსხმელი ასევე მოხვდა „ვესტ ჰემის“ სატრანსფერო სამიზნეების სიაში.
მიუხედავად ამისა, „ლიონის“ ხელმძღვანელობის პოზიცია ნათელია: მიქაუტაძე არ იყიდება და არც იჯარით მიდის. პიერ საჟი 23 წლის ქართველს სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს.
მიქაუტაძე ლიონს ზაფხულში შეუერთდა და იმ ფონზე, რომ გუნდს სტაბილურობა აკლია, ქართველის პროგრესი და ბოლოდროინდელი წარმატებები სატრანსფერო ბაზარზე მისდამი ინტერესს აძლიერებს“.
13 ტურის შემდეგ, „ლიონს“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 22 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს, 23:55 საათზე სტუმრად „ანჟერის“ წინააღმდეგ გამართავს.