ლებრონის და მეჯიქის კრიტიკა - ლეიკერსი მძიმე მდგომარეობაშია
22 თამაში, 12 მოგება, 10 მარცხი და მე-9 ადგილი დასავლეთ კონფერენციაში - ეს ისეთი მაჩვენებლებია, რომელიც „ლეიკერსის“ ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კლუბს ნამდვილად არ შეეფერება. კიდევ ერთი მძიმე დარტყმა ლოს-ანჯელესის გუნდმა დღეს დილით მიიღო, როდესაც „მაიამისთან“ 41-ქულიანი სხვაობით, 93:134 დამარცხდა და ბოლო ათი მატჩიდან მეექვსე წააგო.
„ჰიტთან“ მატჩში „ლეიკერსის“ ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა 29 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. პერიმეტრიდან მისი 4 მცდელობიდან წარმატებული მხოლოდ 1 აღმოჩნდა, რითაც NBA-ში 2451 ზუსტი 3-ქულიანი დაუგროვდა და ამ მხრივ კაილ კორვერს გაუსწრო და ყველა დროის რეკორდსმენთა რიგებში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ ჯეიმსს საკუთარ მაჩვენებლებზე სასაუბროდ არ ეცალა, როგორც თავისი, ასევე თანაგუნდელების ასპარეზობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არანაირი სათამაშო სქემა არ უშველით, თუ პარკეტზე ბოლომდე არ დაიხარჯებიან.
„ლეიკერსის“ ამჟამინდელი ლიდერის გარდა, ამ გუნდის კრიზისზე ისაუბრა მისმა ყოფილმა ლიდერმა მეჯიქ ჯონსონმა, რომელიც 80-იან წლებში 5-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. საუბარია მეჯიქ ჯონსონზე, რომელმაც მოურიდებლად აღნიშნა, რომ გული სტკივა, როდესაც თავისი ყოფილი გუნდის თამაშს უყურებს და ჯერჯერობით გამოსავალსაც ვერ ხედავს, თუ რის ხარჯზე შეიძლება არსებული რთული მდგომარეობის გამოსწორება.
მომდევნო შეხვედრას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 7 დეკემბერს სტუმრად „ატლანტა ჰოუკსთან“ გამართავს, რასაც 9 დეკემბერს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ საშინაო მატჩი მოჰყვება.