ბაზაძე კიდევ 4 წლით - მოქმედმა პრეზიდენტმა მხარდაჭერა მიიღო
მერაბ ბაზაძე საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს. მოქმედმა პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში გამართული ყრილობის დელეგატებისგან სრული მხარდაჭერა მიიღო და ზაზა მჭედლიძისა და ვარლამ ჯაშის სახით, ახალი ვიცე-პრეზიდენტები წარადგინა. გენერალური მდივანი ისევ ნინო ჯერენაშვილი იქნება, ხოლო გამგეობის წევრები თავად პრეზიდენტის გარდა, ზაზა მჭედლიძე, როსტომ აბაშიძე, მალხაზ ძნელაძე, თათია აფციაური, სერგი ხატიაშვილი და ქრისტინა გორდეზიანი იქნებიან.
სანამ საარჩევნო პროცედურები დაიწყებოდა, ბაზაძემ განვლილი ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და იმ მთავარ მიზნებზე ისაუბრა, რომლის შესრულებასაც შეეცდებოდა. შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ორ უპრესტიჟულეს ტურნირს უმასპინძლებს - 2025 წელს ჩვენ ქვეყანაში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი, 2026 წელს კი ვეტერანთა შორის პლანეტის პირველობა გაიმართება.
ბაზაძე ფედერაციას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, იქამდე კი საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა. ის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი და სპორტის რაინდის წოდების მფლობელია. 2024 წელს ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.