“შეუძლებელი არაფერია“ - ანზორ კიღურაძე დინამოსთან ფინალის წინ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს მიმდინარე სეზონის აღმოჩენა სპაერი და თბილისის დინამო დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ, სპაერის მთავარი მწვრთნელი ანზორ კიღურაძე CrystalSport-ს ესაუბრა.
ანზორ კიღურაძე:
„ვფიქრობ ნაყოფიერად გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ის რეალობა შეგვექმნა ვარჯიშებზე, რისი კეთებაც უშუალოდ ფინალში მოგვიწევს. რაც შეეხება განწყობას, მინდა ვთქვა, რომ წუთებს და წამებს ვითვლით მოედანზე გასასვლელად და ახალი ისტორიის დასაწერად. ამ დღეს მოუთმენლად ველით.
უდიდესი ისტორიის მქონე გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენი მიზნების და ოცნებების ასრულებისთვის ვითამაშებთ. მინდა დავამტკიცოთ, რომ შეუძლებელი არაფერია და რაც კი გულით გინდა ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი. მინდა დავამტკიცოთ ისიც, რომ ერთი მიზნით და ერთიანობით, ყველა წინაღობის დაძლევა შეიძლება. ამ თამაშში ყველაფერი შეძლება მოხდეს. გავიმარჯვოთ ან დავმარცხდეთ, მაგრამ უნდა ვცადოთ!! ისე უნდა ვცადოთ, როგორც არასდროს.
ჩვენი სპაერის სტადიონი, ნამდვილად პატარა ენფილდ როუდია. ძალიან მაგარი საფეხბურთო საღამოები შევქმენით ჩვენს გულშემატკივართან ერთად, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ხვალ კი გაცილებით დიდი მასშტაბის მოედანზე გვიწევს თამაში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივარი ისევ ჩვენს გვერდით იქნება და ერთად შევეცდებით ამ უდიდეს ისტორიის დაწერას ჩვენი კლუბისთვის.
გეპატიჟებით იმ მეოცნებე ბიჭების თამაშზე, რომლებიც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავენ დასახულ მიზნის მისაღწევად. წარმატების ფორმულა არ მაქვს, მაგრამ გულშემატკივარს შემიძლია დავპირდე რომ სპაერი ხვალ არაფრის დათმობას არ აპირებს!!
შეგახსენებთ, რომ სპაერმა საქართველოს დავით ყიფიანის თასზე სასწაული მოახდინა. 1/16-ფინალში ხობი 2:1 დაამარცხა, მერვედფინალში ლოკომოტივი 2-ს აჯობა, მეოთხედფინალში Crystalbet ეროვნული ლიგის წარმომადგენელს თელავს უმძიმეს ბრძოლაში 4:3 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ასევე Crystalbet ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გაგრა პენალტების სერიაში დაამარცხა.
ცნობისთვის, სპაერისა და თბილისის დინამოს ფინალური დაპირისპირება 5 დეკემბრით თარიღდება და 19:00-დან დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.