ფიორენტინა, კრისტიან ერიქსენი, ედოარდო ბოვე
Aa
Aa

ბოვე სერია ა-ში ვეღარ ითამაშებს? - ყველაფერი გამოკვლევებზეა დამოკიდებული

მიუხედავად იმისა, რომ ედოარდო ბოვეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, მის ირგვლივ კვლავ არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

Goal.Com იუწყება, რომ იტალიელმა ფეხბურთელმა შესაძლოა სერია ა-ში ვეღარ ითამაშოს. მისი მდგომარეობა გარკვეულწილად კრისტიან ერიქსენის მდგომარეობას ჰგავს.

ამ ინფორმაციას La Nazione ადასტურებს და წერს, რომ 22 წლის ნახევარმცველმა ტესტები უნდა გაიაროს იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას გულის ძირითადი პრობლემა. თუ გამოკვლევები დაადგენს, რომ მას დეფრიბილატორის დაყენება სჭირდება, ბოვე სერია ა-ში ვეღარასდროს ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს წესების მიხედვით, იმ ფეხბურთელს, რომელსაც გულის დეფრიბილატორი ესაჭიროება, იტალიის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ერიქსენის შემთხვევაში. დანიელი ნახევარმცველი ინტერის საკუთრება იყო და მას დეფრიბილატორის გამოყენება დასჭირდა, რის გამოც იტალიის დატოვება მოუწია. რეაბილიტაციის შემდეგ, კრისტიანმა კარიერა ჯერ ბრენტფორდში გააგრძელა, შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედს მიაშურა.

რაც შეეხება ბოვეს ამჟამინდელ მდგომარეობას, თავს გაცილებით კარგად გრძნობს და თანაგუნდელებს ვიდეო ზარის საშუალებით ესაუბრა. მიუხედავად ამისა, იტალიური მედია იტყობინება, რომ ედოარდო კარდიოლოგიის განყოფილების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის იტალიელი შეუძლოდ პირველ დეკემბერს ფიორენტინასა და ინტერის მატჩის მიმდინარეობისას გახდა. მე-17 წუთზე, როგორც იტალიური მედია წერს, ბოვე თასმების შესაკრავად ჩაიმუხლა და სწორედ ამ დროს, ეპილეფსია დაემართა. ფეხბურთელი სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რა დროსაც, რეანიმობილში მას გულის შეტევაც ჰქონდა.

საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ფიორენტინასა და ინტერის მატჩი აღარ განახლებულა და ჯერჯერობით, უცნობია როდის გაიმართება შეწყვეტილი შეხვედრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს პრეზიდენტმა სალაჰის ტრანსფერი გამორიცხა
პსჟ-ს პრეზიდენტმა სალაჰის ტრანსფერი გამორიცხა