„ომალი ორსულადაა“ | შუგამ იანის გამოწვევა არ მიიღო და მერაბთან ჩხუბი უნდა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა შონ ომალი გამოიწვია. იანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ სურს მომდევნო ჩხუბი მერაბ დვალიშვილთან გამართოს, მაგრამ თუ „მანქანა“ უმარ ნურმაგომედოვს შეახვედრეს, მზადაა „შუგას“ ეჩხუბოს.
„თუ ასე მოხდა, ომალისთან რემატჩისკენ ვიხრები, მაგრამ არ ვიცი, რა გამოვა ან შონს რა დაემართა. 9-12 თვე ვერ ვიჩხუბებო და მგონი, დაორსულდა“, - განაცხადა იანმა და X-ის საკუთარ გვერდზე, ომალის ჰკითხა, მშობიარობა როდის უწევს.
„შუგას“ პასუხმა არ დააყოვნა და ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა: „ვვარაუდობ, რომ 2025 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში იქნება, მერაბის წინააღმდეგ. მადლობა, რომ მკითხე“.
ცნობისთვის, დვალიშვილი ოქტაგონზე დაბრუნებას დაახლოებით ამ დროს აპირებს და სავარაუდო ვარიანტად მარტსა და აპრილს განიხილავს. „მანქანა“ იანთან ჩხუბზეც თანახმაა და ომალისთვისაც მზადაა, თუმცა, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე უმარი უნდა იყოს.