ტრაგედია გვინეაში - სტადიონზე ჭყლეტას დიდი მსხვერპლი მოჰყვა
უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, გვინეაში, სტადიონზე მომხდარ ჭყლეტას 135-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა კი ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობა კი ამტკიცებს, რომ 56 ადამიანია დაღუპული. თავის მხრივ, აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი სტატისტიკა საავადმყოფოებიდან, სასაფლაოებიდან და თვითმხილველებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.
მათივე თქმით, 50 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
სტადიონზე ტრაგედია კვირას დატრიალდა. ჭყლეტა მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებას მოჰყვა, რის შემდეგაც გულშემატკივრებმა ქვების სროლა დაიწყეს და მოედანზე გაცვივდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რამაც პანიკა გამოიწვია, რომელიც საბოლოოდ ჭყლეტით დასრულდა.
მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.