საუკეთესო ქალი ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
Aa
Aa

საუკეთესო ქალი ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი

Goal.com-მა 21-ე საუკუნეში 25 საუკეთესო ქალი ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა. წარმოგიდგენთ საუკეთესო ხუთეულს, სრულად კი რეიტინგს ბმულზე გაეცნობით.

5. ები უომბაკი


უომბაკს კარიერაში იმდენი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი, რომ სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. უომბაკის მიერ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლების სერია 2003 წლის მუნდიალიდან იწყება, როდესაც აშშ-მა მისი გოლით მეოთხედფინალში ნორვეგია დაამარცხა. ის მუნდიალი ამერიკელებმა მესამე ადგილზე დაასრულეს, მაგრამ უომბაკმა საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ მაშინ გაითქვა სახელი.

2004 წლის ოლიმპიადაზე უომბაკმა 4 გოლი გაიტანა, მათ შორის ფინალში, დამატებით დროში გამარჯვების გოლი ბრაზილიის კარში. ზოგადად, დამატებით დროში გოლების გატანა მის სპეციალიზაციად იქცა: ამას ადასტურებს გოლები 2011 წლის მუნდიალის მეოთხედფინალსა და ფინალში. საერთო ჯამში 4 მუნდიალსა და 2 ოლიმპიადაზე უომბაკმა 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

2015 წლის მუნდიალზე უომბაკი ხშირად სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა, თუმცა მისი ლიდერობა და გამოცდილება აშშ-ის ნაკრებს 16-წლიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.

4. ჰომარე სავა


ჰომარე სავას კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში იღებს სათავეს, თუმცა ის, რამდენ ხანს ითამაშა მან მაღალ დონეზე, საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რატომ უნდა იყოს იმ ამ რეიტინგში. იაპონელი ნახევარმცველი, როგორც კარგი ღვინო, ასაკის მატებასთან ერთად, უკეთესი გახდა, ხოლო მისი მთავარი მიღწევები იმ პერიოდით თარიღდება, როდესაც სავა უფრო გამოცდილი და ჭკვიანი ფეხბურთელი გახდა.

2011 წელს სავამ უკაპიტნა იაპონიის ნაკრებს მუნდიალზე, რომელიც მათივე გამარჯვებით დასრულდა, ჰომარე სავა კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასეთი შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მან მარტას ჰეგემონია დაარღვია - სავა გახდა პირველი აზიელი, რომელიც ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

2012 წელს იაპონია ოლიმპიადის ფინალში გავიდა, 2015 წელს კი ისევ მუნდიალის ფინალში. ამერიკელები ორივე ტურნირზე იაპონელებზე უფრო სტაბილურად გამოიყურებოდნენ, თუმცა იაპონიის ნაკრებმა ქალთა ფეხბურთის ელიტაში ადგილი დაიმკვიდრა, რაშიც დიდი წვლილი ჰომარე სავას მიუძღვის.

3. კრისტინ სინკლერი


დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კრისტინ სინკლერი კარიერას მსხვილი საერთაშორისო ტიტულის გარეშე დაასრულებდა. 2000 წელს შემდგარი დებიუტის შემდეგ ის 23 წლის განმავლობაში კანადური ქალთა ფეხბურთის ლიდერი იყო, თუმცა მისი დიდი წარმატებები ყოველთვის საკლუბო დონეს უკავშირდებოდა, სადაც ის ფანტასტიკური „პორტლენდ თორნსის“ ღირსებას იცავდა.

კანადის ნაკრებთან ერთად სინკლერმა 2008 და 2012 წლების ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედლები მოიგო, ერთ ნახევარფინალში დამატებით დროში აშშ-თან, მეორეში კი გერმანიასთან დამარცხდა.

თუმცა ზღაპრის ბოლო კეთილი აღმოჩნდა: ტოკიოს ოლიმპიადაზე კანადამ დაამარცხა ჯერ აშშ, შემდეგ კი ფინალში, პენალტების სერიაში, შვედეთი და ნანატრ ოქროს მედლებს დაეუფლა.

2. ბირგიტ პრინცი


2000-იანებში ქალთა ფეხბურთში გერმანია დომინირებდა, მისი მთავარი ვარსკვლავი კი სწორედ ნიჭიერი ფორვარდი ბირგიტ პრინცი იყო. 1990-იან წლებში მან უკვე მოასწრო საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 3-ჯერ და ევროპის ჩემპიონის ტიტულის 2-ჯერ მოგება, თუმცა 21-ე საუკუნეში მას კიდევ არაერთი წარმატება ელოდა.

2001, 2005 და 2009 წლებში პრინცი გერმანიის ნაკრების კაპიტნის რანგში კიდევ სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, 2003 და 2007 წლებში კი მსოფლიო ჩემპიონატებიც მოიგო, და გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი.

ერთადერთი ტიტული, რომელიც ბირგიტ პრინცს დააკლდა, ოლიმპიური ოქრო იყო. 2000-იან წლებში გერმანიამ სამჯერ მოიგო ბრინჯაოს მედლები, პრინცმა კი კარიერა 2011 წელს დაასრულა.

1. მარტა


თუ სპორტის სხვა სახეობებში ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს, ქალთა ფეხბურთში საქმე სხვაგვარადაა, ვინაიდან თითქმის ყველა თანხმდება, რომ მარტა ყველა დროის საუკეთესო ქალი ფეხბურთელია.

თუ სხვა ფეხბურთელების სიდიადეზე მათ მიერ მოგებული ტიტულები მეტყველებს, მარტას შემთხვევაში ყველა საუბრობს სანახაობაზე, ცრუმოძრაობებზე და ტიპურ ბრაზილიურ ტექნიკაზე, რომელსაც მარტა მოედანზე აჩვენებდა. მის კარიერას არც ტიტულების გარეშე ჩაუვლია: ექვსგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 7-გზის შვედეთის ჩემპიონი და სამგზის აშშ-ის ჩემპიონი.

რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, ყოველთვის იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დიდი წარმატების მისაღწევად ქალთა ფეხბურთი მეტ ინვესტიციასა და მხარდაჭერას საჭიროებდა, თუმცა მარტას მაინც დაუგროვდა სამი ოლიმპიური ვერცხლი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი