„ყელში ამოვიდა“ - ჯერვონტა დევისმა კარიერის დასრულება დააანონსა
WBA მსუბუქი წონის ჩემპიონი ჯერვონტა დევისი აცხადებს, რომ 2025 წლის შემდეგ, პროფესიულ კარიერას დაასრულებს.
30 წლის მოკრივემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს 3 ბრძოლას ჩაატარებს, შემდეგ კი კრივიდან წავა.
„ეს ყველაფერი ნაგავია. მივდივარ - ყელში ამოვიდა. მკიდია ქამარი. მინდა უბრალოდ ფული გამოვიმუშაო და მორჩა. მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ყურადღებას არ ვიქცევდე“, - განაცხადა მოკრივემ.
ჯერვონტა დევისი მომდევნო ჩხუბს 1 მარტს, ნიუ-იორკში, ლამონტ როუჩ ჯუნიორთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ დევისმა სადებიუტო ბრძოლა 2013 წელს გამართა და დესი უილიამსი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მალევე მან ფლოიდ მეივეზერის კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
2017 წელს „ტანკმა“ IBF-ის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. ორი წლის შემდეგ კი მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა. ბალტიმორში, რიკარდო ნუნესის წინააღმდეგ გასამართი ბრძოლის წინ, ბალტიმორის მერმა, მას ქალაქის გასაღები გადასცა.