2034 წლის მუნდიალი შესაძლოა იანვარში ჩატარდეს
2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში არსებული ტემპერატურული პირობების გამო არა ზაფხულში, არამედ იანვარში ჩატარდეს. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ზაფხულში საუდის არაბეთში ძლიერი სიცხე ფიქსირდება, რამაც შესაძლოა მუნდიალის ჩატარებას შეუშალოს ხელი. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტურნირის ჩასატარებლად ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად იანვარი სახელდება.
პირველი შემთხვევა, როდესაც მუნდიალი ზაფხულში არ ჩატარდა, 2022 წელს მოხდა, როცა მსოფლიო ჩემპიონატს ნოემბერ-დეკემბერში კატარმა უმასპინძლა. ამ თვეებში მუნდიალის ჩატარება საუდის არაბეთში ვერ მოხერხდება - მიზეზი ფიფას რეკომენდაციაა, რომლის მიხედვითაც რელიგიური დღესასწაულების დროს ტურნირების გამართვა აკრძალულია, 2034 წელს კი რამადანი 11 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა. ტურნირის მასპინძლობა სურდა ავსტრალიასაც, თუმცა მოგვიანებით განაცხადის გაკეთებაზე უარი თქვა.
აქვე გეტყვით, რომ 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატში 48 ქვეყანა მიიგებს მონაწილეობას. 2026 წელს მუნდიალი მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში, ხოლო 2030 წელს ერთდროულად 6 ქვეყანაში გაიმართება - ძირითადი მასპინძლები მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია იქნებიან, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი სამი მატჩი ურუგვაიში, არგენტინაში და პარაგვაიში ჩატარდება.