კრიშტიანუ რონალდუ, გიორგი ჩაკვეტაძე, უეინ რუნი
Aa
Aa

რა უთხრა რუნიმ მატჩის შემდეგ | ჩაკვეტაძის ვრცელი ინტერვიუ

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ჩაკვემ“ უეინ რუნის, კრიშტიანუ რონალდუსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი, მიმდინარე სეზონში შენი თამაშით შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენ. რა არის შენი საიდუმლო?

„ცდას არ ვაკლებ და უფრო და უფრო მეტს ვმუშაობ კომპონენტებზე, რომლებიც ჩემი აზრით, გასაუმჯობესებელი მაქვს. ამას დიდ დროს ვუთმობ და მოტივაციად ვიყენებ, რათა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გავხდე, რომელიც ფიზიკურად ბევრად ძლიერი, მეტად უნივერსალი და გუნდისთვის უფრო გამოსადეგია“.

შეიძლება ნომრის შეცვლამ იმოქმედა... რატომ აიღე 16-ის მაგივრად 8 ნომერი?

„8 ნომერი ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა უოტფორდში გადმოვედი, დაკავებული იყო, რის გამოც სხვა ნომრით თამაში მომიწია. ზაფხულში, როცა ჯეიკ ლივერმორი წავიდა, 8 ნომერი გათავისუფლდა. კლუბს ვთხოვე შეცვლა თუ შეიძლებოდა და თანხმობა მივიღე, რაც მესიამოვნა, რადგან 8 ნომერი ძალიან მიყვარს“.

პლიმუთთან მატჩის შემდეგ, მისმა თავკაცმა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ეს რა შეგრძნება იყო?

„ძალიან ამაყი და გახარებული ვიყავი. რუნის მონაწილეობით, უამრავი თამაში მინახავს. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ლეგენდაა და როცა მისი დონის მოთამაშე შენზე რაღაც ასეთს ამბობს, რა თქმა უნდა, ამას მოტივაციად იღებ“.

მატჩის შემდეგ, რუნი დაგელაპარაკა, რა გითხრა?

„მატჩის შემდეგ დამელაპარაკა და მითხრა, რომ ჩემი სათამაშო სტილი ძალიან მოსწონს და წარმატება მისურვა. მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ მოედნის მიღმაც ძალიან კარგი ადამიანია“.

ვიცი, რომ შენი საფეხბურთო კერპი კრიშტიანუ რონალდუა. ბავშვობაში, მისი თანაგუნდელი რუნიც მოგწონდა?

„რუნისა და რონალდუს თამაშის ყურება მიყვარდა. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც მთლიან ეპოქაზე მოახდინეს გავლენა და მათი თამაში საოცარი სანახავი იყო“.

რატომაა რონალდუ შენი კერპი?

„როცა მისი თამაში პირველად ვნახე, რონალდუს სტილი, უნივერსალური უნარები, ტექნიკა, გოლის გატანის ალღო, შრომისმოყვარეობა და ფეხბურთისადმი მისი დამოკიდებულება ძალიან მომეწონა“.

რა შეგრძნება იყო, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე რონალდუს პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში?

„უამრავი ემოცია ვიგრძენი, როცა მოედანზე კრიშტიანუსთან ერთად აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, პოზიტიურ ემოციებზე მაქვს საუბარი და ზოგადად, ის შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან მოვიგეთ და პლეიოფში გავედით. ეს დღე ყოველთვის მემახსოვრება და გამარჯვების გამო, სამუდამოდ ვიამაყებ“.

მატჩის შემდეგ, მისთვის მაისურის გაცვლა სცადე?

„სიმართლე გითხრათ, იმდენი ემოციის ქვეშ ვიყავი, ამაზე არც კი მიფიქრია. გასახდელში გამახსენდა და კვარას მისთვის მაისური უკვე გაცვლილი ჰქონდა“.

ვინ არის შენი ფავორიტი იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებისთვისაც მაისური გაგიცვლია?

„ერთხელ ედინ ჯეკოს გავუცვალე მაისური. მაშინ გენტში ვთამაშობდი და რომას ევროპა ლიგის პლეიოფში შევხვდით“.

მითხარი საინტერესო ისტორია ევროპის ჩემპიონატიდან

„ერთი მომენტის ამორჩევა რთულია. ისეთი ზაფხული იყო, არასდროს დამავიწყდება და უამრავი შესანიშნავი მომენტი გვქონდა. საოცარი თავგადასავალი იყო და მინდა, მომავალში, ჩემს ქვეყანას ბევრი ასეთი თავგადასავალი ჰქონდეს“.

საქართველოსთვის პლეიოფში გასვლა ისტორიული მოვლენა იყო. ფიქრობ, რომ როგორც იქნა, მსოფლიომ დაინახა ხარისხი, რომელიც იცოდი, რომ საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა?

„მგონია, რომ მსოფლიოს ჩვენი თავი გავაცანით და საქართველოს, საფეხბურთო რუკაზე, ადგილი დავუმკვიდრეთ. ყველამ კარგად გაგვიცნო და ჩვენი ძლიერი მხარეები იხილეს. ვფიქრობ, თავი ისე კარგად წარმოვაჩინეთ, არაქართველი გულშემატკივრებიც გავიჩინეთ“.

საქართველოში ფეხბურთზე გიჟდებიან და გულშემატკივრებისგან უდიდეს მხარდაჭერას გრძნობთ. რთულია, ჩვეულებრივი რაღაცების გაკეთება? მაგალითად, პურის ყიდვა ისე, რომ ქომაგები არ დაგესიონ?

„ყველგან მცნობენ! ვერსად გავდივარ! ვერც მაღაზიებში. ხალხისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობ და მიყვარს, როცა გულშემატკივრებისგან ასეთ ენერგიას ვიღებ. ქართველები ძალიან თბილი ადამიანები არიან და სიყვარული შეგვიძლია! ადრე ვთქვი და გავიმეორებ, რომ, როცა საკუთარი ხალხის სიყვარულს გრძნობ, უდიდესი მოტივაცია და ენერგია გიჩნდება“.

უოტფორდის ქომაგებს შორის ძალიან პოპულარული ხარ და Lady Gaga-ს სიმღერა, Paparazzi ისე გადააკეთეს, რომ შენზე მღერიან. მოგისმენია მათი გადაკეთებული სიმღერა და რა შეგრძნებაა, როცა შენზე მღერიან?

„დიახ, მომისმენია და ძალიან მიყვარს. ისეთი სიმღერაა, აკვიატება იცის და ზოგჯერ, მეც ვმღერი ხოლმე“.

ინგლისში როგორ მოეწყვე?

„ერთ წელზე მეტია აქ ვარ და ინგლისს კარგად შევეწყვე. აქ ყოფნა მომწონს და ინგლისს ჩემს მეორე სახლად ვთვლი“.

რა არის მთავარი განსხვავება ინგლისსა და საქართველოს შორის?

„მთავარი განსხვავება ამინდია“.

ცნობისთვის, 18 ტურის შემდეგ, „ჩაკვეს“ „უოტფორდს“ 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ადამიანებს დისკუსიის უფლება არ აქვთ“ - საბატინიმ კვარა დაიცვა
„ამ ადამიანებს დისკუსიის უფლება არ აქვთ“ - საბატინიმ კვარა დაიცვა