გრანადამ თასზე მოიგო, წიტაიშვილმა პენალტი გაიტანა
ესპანეთის თასის 1/32 ფინალში „გრანადა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი წიტაიშვილი იცავს, „სარაგოსას“ ესტუმრა - მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა (2:2), გუნდებმა გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოავლინეს, 11-მეტრიანების სერიაში კი წიტაიშვილის გუნდმა იმარჯვა (5:4).
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა და Sofascore-ისგან 6.7-იანი შეფასება დაიმსახურა, ერთ მომენტში კი ძალიან ახლოს იყო ულამაზეს გოლთან - საჯარიმოს გარედან მისი დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. აღსანიშნავია ისიც, რომ პენალტების სერიაში წიტაიშვილმა თავისი შანსი გამოიყენა.
აქვე გეტყვით, რომ „გრანადას“ კარს ზინედინ ზიდანის ვაჟი, ლუკა ზიდანი იცავდა, რომელმაც ერთი პენალტი ძირითად დროში, ერთი კი პენალტების სერიაში მოიგერია, თვითონ კი ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:
ესპანეთის თასის 1/16 ფინალის წილისყრა 9 დეკემბერს შედგება. ამ ეტაპზე გათამაშებაში ერთვებიან ესპანეთის სუპერთასის მონაწილეები: „რეალი“, „ბარსელონა“, „ბილბაო“ და „მალიორკა“. 1/16 ფინალის მატჩები 4-5 იანვარს გაიმართება.