„თოფურიას აუცილებლად დაველაპარაკები“ | რა თქვა მახაჩევმა ილიასა და მასთან ჩხუბზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიაზე ილაპარაკა. მახაჩევმა განაცხადა, რომ „ელ მატადორთან“ ჩხუბის სურვილი დიდად არ აქვს და მისი მიზანი მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა.
„თოფურიას ისეთი არაფერი უთქვამს, რომ საზღვრებს გასცდენოდა. ღირსებას არ შეხებია. ილია ჩემპიონია და შეუძლია ილაპარაკოს. როცა შევხვდებით, აუცილებლად ვისაუბრებთ. თოფურია ჩემზე გამუდმებით ლაპარაკობს. ალბათ, უნდა, რაღაც გამაგებინოს. არ ვიცი, ზუსტად რა, მაგრამ დავილაპარაკებთ და გავიგებთ.
მინდა თუ არა მასთან ჩხუბი? კარიერული გადმოსახედიდან, თოფურიასთან ორთაბრძოლით დაინტერესებული საერთოდ არ ვარ. სხვა წონითი დივიზიონის წარმომადგენელია და როცა დავამარცხებ, რას მივიღებ? რას მომცემს ეს გამარჯვება? მეორე საჩემპიონო ქამარს ვერ მოვიგებ და იტყვიან, რომ ჩემზე დაბალი წონითი დივიზიონის კიდევ ერთ მებრძოლს მოვუგე. სულ ესაა.
თუმცა, თუ ხალხს სურს, ილიას წაგება ნახოს, შეგვიძლია, ვიჩხუბოთ. მინდა თუ არა პირადად მე ვნახო როგორ მარცხდება? სხვა მიზნები მაქვს. მეორე საჩემპიონო ქამრის მოგება მინდა. თუ გსურს, რომ ისტორიაში დარჩე, რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო“.
ცნობისთვის, მახაჩევს ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელსაც ილიამ საჩემპიონო ქამარი წაართვა, ორჯერ ჰყავს დამარცხებული. „ელ მატადორი“ აცხადებს, რომ ისლამს მასთან შანსი არ აქვს და მზადაა, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს.