რატომ ვერ ითამაშა გოგამ ნიუ იორკთან | ორლანდო NBA-ის თასის მეოთხედფინალშია
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია „ნიუ იორკ ნიქსთან“ შეწყდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრის რანგში იყო და ცუდად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 20 ქულით, 51:71 წააგო, თამაშში ვეღარ დაბრუნდა - 106:121.
ბითაძემ „ნიქსის“ წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. გოგა ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გახურებისას, კოჭი გადაიბრუნა და „ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ პარკეტზე აღარ გაიყვანა.
„მეჯიქის“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 30 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. მის ძმას, მორიც ვაგნერს 20 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა, ჯეილენ საგსმა კი მატჩი 14 ქულით დაასრულა. „ნიუ იორკს“ კარლ-ენტონი თაუნსმა ულიდერა - 23 ქულა, 15 მოხსნა. ჯეილენ ბრანსონმა 21 ქულა მიითვალა, ჯოშ ჰარტმა კი სამმაგი დუბლი გააკეთა - 11 ქულა, 13 მოხსნა, 10 ასისტი.
ცნობისთვის, „ნიქსთან“ მარცხის მიუხედავად, „ორლანდომ NBA-ის თასის მეოთხედფინალის საგზური მაინც მოიპოვა. „მეჯიქმა“ ჯგუფი 3 მოგებითა და 1 წაგებით დაასრულა, მაგრამ „ბოსტონს“ ქულების უკეთესი ბალანსით აჯობა და აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფების საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა. მეოთხედფინალში, „ორლანდოს“ მეტოქე „მილუოკი ბაქსი“ გახლავთ.