იფსვიჩის კაპიტანმა ცისარტყელა სამკლავურის გაკეთებაზე უარი თქვა
გასულ ტურში პრემიერლიგაში ჩატარდა კამპანია Rainbow Laces, რომლის მიზანიც ფეხბურთში და მის მიღმა თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერაა. კამპანიის ფარგლებში გუნდების კაპიტნები მოედანზე ცისარტყელას ფერებში შესრულებული სამკლავურებით გავიდნენ, ერთადერთი გამონაკლისი კი „იფსვიჩი“ აღმოჩნდა, რომლის კაპიტანმა სამკლავურის გაკეთებაზე უარი თქვა.
33 წლის სემ მორსიმ ცისარტყელა სამკლავურის გაკეთებაზე უარი რელიგიური მოტივებით ახსნა. მორსი „იფსვიჩის“ ღირსებას ის 2021 წლიდან იცავს და გუნდთან ერთად ჯერ პირველი ლიგიდან ჩემპიონშიფში, მომდევნო წელს კი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასვლის უფლება მოიპოვა.
სემ მორსი (სრული სახელი - სამი საიედ მექაი საიედ მორსი) ინგლისის ქალაქ ვულვერჰემფტონში დაიბადა, მამა ეგვიპტელი, დედა კი ინგლისელი ჰყავს. მორსი მუსლიმია, 2016-2023 წლებში ეგვიპტეს ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „იფსვიჩმაც“. კლუბში აღნიშნავენ, რომ მორსის უარის მიუხედავად, Rainbow Laces-ის კამპანიის სულისკვეთებას იზიარებენ და მხარს უჭერენ ლგბტ-თემის წარმომადგენლებს თანასწორობისთვის ბრძოლაში. ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბი პატივს სცემს სემ მორსის გადაწყვეტილებას.
სოციალურ ქსელებში მორსის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოცქსელების მომხმარებელთა ნაწილმა ეგვიპტელი ფეხბურთელი გააკრიტიკა, ნაწილმა კი მისი პირადი გადაწყვეტილების პატივისცემა მოითხოვა.