ბარსელონა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sport: კვარა ბარსასთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მარცხენა გარემარბია

სანამ ჰანსი ფლიკი და მისი ფეხბურთელები ყოველდღიურ მუშაობაზე და საკუთარი საუკეთესო ვერსიის აღდგენაზე არიან კონცენტრირებულები, „ბარსელონას“ ოფისებში გრძელდება მუშაობა მომდევნო სეზონის დაგეგმვის მიმართულებით.

კატალონიური გამოცემა Sport-ის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი, დეკუ მიიჩნევს, რომ მარცხენა გარემარბის პოზიცია გაძლიერებას საჭიროებს და ამ მხრივ ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურა, რაფაელ ლეაუსთან შედარებით უფრო რეალისტურად გამოიყურება.

რას წერს გამოცემა:

„იტალიაში მოთამაშე ორივე მარცხენა გარემარბი სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც „ბლაუგრანაში“ ამ პოზიციისთვის აქვთ ჩამოყალიბებული.

Sport-ი წერს, რომ კვარას ამჟამინდელი ხელფასი (1,5 მილიონი ევრო) „ბარსელონას“ მნიშვნელოვნად გაუადვილებს მოლაპარაკებების წარმართვას. სპორტულ ასპექტთან დაკავშირებით კლუბში ესმით, რომ ბოლო თვეებში ხვიჩას თამაშის ეფექტიანობამ იკლო, მაგრამ იციან, რომ ქართველს უდიდესი პოტენციალი აქვს და ის ადვილად შეძლებს „ბარსელონას“ კომბინაციურ ფეხბურთთან ადაპტირებას.

ტრანსფერის განხორციელების მხრივ სირთულეს დე ლაურენტისთან მოლაპარაკებების წარმართვა წარმოადგენს, ვინაიდან ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ აქვს მითითებული, ხოლო „ნაპოლის“ პრეზიდენტი არაპროგნოზირებადი მომლაპარაკებელია.

რაც შეეხება რაფა ლეაუს, „ბარსას“ უკვე შესთავაზეს მისი კანდიდატურა გასულ ზაფხულს. ჟორჟე მენდეშს, რომელსაც „ბლაუგრანას“ პრეზიდენტ ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს, ლეაუზე პირდაპირი წვდომა არ აქვს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ის მხარეების დაკავშირებას შეძლებს. პორტუგალიელ გარემარბს ამჟამინდელ მწვრთნელთან პრობლემები აქვს, რაც შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს“.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ხვიჩას ერთ-ერთმა აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ კვარას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის მომავალი მისსავე ხელშია.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დიდ კლუბს იმსახურებს | დავითაშვილმა ხვიჩაზე ისაუბრა
კვარა დიდ კლუბს იმსახურებს | დავითაშვილმა ხვიჩაზე ისაუბრა