„მისი მომავალი მისსავე მხარესაა“ - ძაკარდომ კვარაზე ისაუბრა
2006 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთმა აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ Sky Sports-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და „ნაპოლის“ სეზონიც შეაჯამა.
ვეტერანი ფეხბურთელი კვარას კონტრაქტსაც შეეხო და ასევე, ერთ-ერთ ქართველ ტალანტზე ისაუბრა, რომელიც 2009 წელს არის დაბადებული და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, ძაკარდომ მისი ვინაობა არ დაასახელა.
რას ამბობს კრისტიან ძაკარდო:
„ნაპოლი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია, სტაბილური გუნდია და თავს კარგად იცავს. ჩემთვის, ეს გუნდი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზეა, შესაძლოა, მიკერძოებულიც ვარ, მაგრამ ამას ასე ვხედავ. როდესაც კონტე სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მისი ჩამოგდება საკმაოდ რთულია. რაც შეეხება კვარას, მან „ნაპოლიში“ გადასვლის დროს სკუდეტო პირველივე სეზონში მოიგო და იმედი აქვს, ამას ამ სეზონშიც შეძლებს. გასულ სეზონში როგორც მას, ისე მთელ გუნდს უიღბლო წელი ჰქონდა, მაგრამ მან მაინც დიდი ხარისხი აჩვენა. ჩემთვის, ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა“.
„რაც შეეხება კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, იმ უნარებით, რაც მას გააჩნია, მომავალი მის მხარეზეა, მას კიდევ შეუძლია გაზრდა და გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ძლიერი იქნება“.
„სხვა პოტენციური კვარა იტალიური კლუბებისთვის? საქართველოში არსებობს ერთი 2009 წელს დაბადებული ფეხბურთელი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და დიდი პოტენციალი აქვს. ის იგივე პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც კვარაცხელია და ჯერ კიდევ 15 წლისაა. მაგრამ ასაკის მიუხედავად, ის საკმაოდ კარგად გამოიყურება“.
ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. ბოლო ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა მზადაა, რომ კლუბის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომელიც წლიურად 6 მილიონი ევროს გადახდას გულისხმობს, დათანხმდეს. ამის მიუხედავად, მოლაპარაკებებს ერთი გარემოება ართულებს. როგორც იტალიური მედია წერს, ხვიჩას აგენტები გამოსასყიდ პუნქტად 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვენ, „ნაპოლი“ ამ წინადადებაზე უარს ამბობს.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში მე-14 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.