„პიოტრი ყველას გააოცებს“ - რუსი პრომოუტერი მერაბისა და იანის შესაძლო რემატჩზე
შერეული საბრძოლო ხელოვნების ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის მეგობარმა, კამილ გაჯიევმა თავის იუთუბ არხზე მერაბ დვალიშვილთან იანის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბს მისი დამარცხება გაუჭირდება.
რას ამბობს გაჯიევი:
„პიოტრის გამო, მერაბი უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბს გაურბის, რადგან სტილისტურად იანი მერაბისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე უმარი. უმარისგან დიდ საფრთხეს უნდა ელოდო, მაგრამ დღეს, იანის სახელი უმართან შედარებით კვლავ დიდია. მერაბი პიოტრთან ჩხუბით იმიჯის სახით არაფერს დაკარგავს. შეიძლება, ბევრისთვის, იანი მისთვის მარტივ მეტოქედ ჩანს, მაგრამ პიოტრს ყველას გაოცება შეუძლია. არ იფიქროთ, რომ მერაბი მას მარტივად გაუმკლავდება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 2023 წლის მარტში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მას შემდეგ, მერაბმა კიდევ ორი ბრძოლა მოიგო - ჯერ ჰენრი სეხუდოსთან, შემდეგ კი შონ ომალისთან და საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა.
ცოტა ხნის წინ, პიოტრ იანმა დეივესონ ფიგერედო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში გამოიწვია. რუსი მებრძოლის გამოწვევას მერაბმაც უპასუხა და რემატჩზე მზადყოფნა გამოთქვა.