დელ პოტრო ჯოკოვიჩმა გააცილა - არგენტინელის გამოსამშვიდობებელი მატჩი
ბუენოს-აირესში წარსულში ცნობილი არგენტინელი ჩოგბურთელის, ხუან მარტინ დელ პოტროს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა, რომელშიც ის ძველ მეტოქეს ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და ფორმალობადქცეულ შეხვედრაში სერბი ორ სეტში, 6:4, 7:5 დაამარცხა. 36 წლის სამხრეთ ამერიკელი თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა ქრონიკულმა ტრავმებმა მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცა.
მის კარიერაში საუკეთესო შეჯიბრება 2009 წლის ამერიკის ღია პირველობა იყო, სადაც ჩემპიონის ტიტული ხუან მონაკოს, იურგენ მელცერის, რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის დამარცხებით მოიპოვა. ამ ტურნირის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ამერიკის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი და სხვადასხვა მასტერსის გამარჯვებული გახდა, კორტზე უფრო მეტი დრო მკურნალობას მოანდომა.
ის შემთხვევა, რომელიც 2018 წელს მოხდა, მისი ცხოვრების კოშმარად იქცა და დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას, დელ პოტროს მუხლის თავი გაუტყდა, რვა ოპერაცია ჩაიტარა, მაგრამ არაფერი ეშველა. როგორც თავად აცხადებს, ახლაც კიბეზე ასვლის, მანქანის მართვისა და ძილის დროს საშინელი ტკივილები აწუხებს და ექიმებიც დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნებიან - პირიქით, ბოლოს ერთ-ერთმა მედიკოსმა განუცხადა, რომ 50 წლის რომ გახდება, ტკივილები მხოლოდ მაშინ გაუქრება.