გველესიანის გამარჯვების გოლი და მატჩის MVP - ქართველმა პერსეპოლისს მოაგებინა
აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ საკუთარ მოედანზე ერაყულ „ალ-შორტას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ქართველი მცველი „პერსეპოლისის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგი გველესიანმა თავისი გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა და შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ანგარიში თავდაპირველად ერაყულმა გუნდმა გახსნა. მე-19 წუთზე თავი მემემ გამოიჩინა. მეორე ნახევარში, 89-ე წუთზე ურუნოვმა წონასწორობა აღადგინა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-12 წუთზე კი „ალ-შორტას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად გიორგი გველესიანმა შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
მიმდინარე სეზონში, გველესიანისთვის ეს პირველი გოლი იყო, საერთო ჯამში კი ქართველ მცველს „პერსეპოლისში“ 18 გოლი დაუგროვდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, პერსეპოლისმა სატურნირო ცხრილში 6 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე იმყოფება.