„მის მიმართ მომთხოვნი ვიქნები“ - ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე
იტალიის სერია B-ს მორიგ ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „ჩეზენას“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.
ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში „ფროზინონეს“ სასარგებლოდ 3:1 იყო. გიორგი კვერნაძე თამაშში აქტიურად ჩაერთო, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მატჩი შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეანდრო გრეკომ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიმართ განსაკუთრებულად მომთხოვნი იქნება.
რას ამბობს გრეკო:
„მატჩით კმაყოფილი ვარ, რადგან ბიჭებში მონდომება დავინახე. გუნდში ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო და ამით ძალიან მოხარული ვარ. ბედნიერი ვარ გუნდის, ქალაქის, გულშემატკივრებისა და პრეზიდენტის გამო, რომელმაც ნდობა გამომიცხადა“.
„გიორგი კვერნაძის თამაში? მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი. მასთან ახლაც და მომავალშიც საკმაოდ მომთხოვნი ვიქნები, რადგან საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. ეს მისი გზის ნაწილია და იმედი მაქვს, რომ უფრო გადამწყვეტი გახდება“.
ცნობისთვის, გიორგი კვერნაძე „ფროზინონეში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა და იტალიური კლუბის მაისურით სერია A-სა და სერია B-ში საერთო ჯამში 18 მატჩი ჩაატარა. ამ დროისთვის, ქართველი შემტევის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.
სერია B-ს მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ 15 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება.