მბაპეს გადამწყვეტი ნაბიჯი - განხილვა მალე შედგება
კილიან მბაპემ საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომისიას ოფიციალური საჩივრით მიმართა და „პარი სენ-ჟერმენისგან“ მისთვის კომპენსაციის სახით 55 მილიონი ევროს გადახდა მოითხოვა. უფრო ადრე ფრანგმა ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბს ეს საქმე შედარებით დაბალ ინსტანციაში მოუგო, რაც „სენ-ჟერმენმა“ გაასაჩივრა და მისი აპელაცია არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ამის შემდეგ კლუბი უბრალოდ ვალდებული გახდა მოთამაშესთან არსებული დავალიანება დაეფარა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მეტიც, პარიზული გუნდის პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფი აცხადებს, რომ 25 წლის ფორვარდმა თავისი საქციელით პსჟ-ს რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა, რის გამოც მისგან ფულის გადახდას ადრე თუ გვიან, აქეთ მოითხოვენ.
მხარეებს შორის ურთიერთობა რომ უკიდურესად დაძაბულია, გასულ თვეში შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მბაპეს ადვოკატის სიტყვებმაც დაადასტურა. მაშინ ფეხბურთელს ერთ-ერთი გოგონას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, მისმა იურისტმა კი აღნიშნა, რომ ფრანგულ სპორტულ პრესას ამგვარი ცილისმწამებლური განცხადების გავრცელება ხელაიფმა დაავალა.
სხდომა, რომელზეც 55 მილიონი ევროს გადახდის ამბავი უნდა გადაწყდეს, პარიზში 11 დეკემბერს გაიმართება, სადაც მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება უკვე არც ერთ მხარეს აღარ შეეძლება.