ედოარდო ბოვეს მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფიორენტინა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
„ფიორენტინა“ ედოარდო ბოვეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
სოციალურ ქსელში კლუბი წერს, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ეპილეფსიისა და გულის შეტევის შემდეგ ღამე მშვიდად გადაიტანა და რამდენიმე საათი ხელოვნურ კომაში იყო. ექიმებმა ბოვე დღეს დილით გააღვიძეს და მისი ექსტუბაცია მოახდინეს. მათივე ცნობით, ფეხბურთელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავად ბოვე კი თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციასაც უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ACF Fiorentina comunica che Edoardo Bove, dopo aver passato una notte tranquilla, è stato risvegliato ed estubato questa mattina. Attualmente è sveglio, vigile ed orientato. pic.twitter.com/UcCJId726X
— ACF Fiorentina (@acffiorentina) December 2, 2024
მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ძალებს აღიდგენს და სიარულს დაიწყებს, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც მისი ცუდად გახდომის ოფიციალურ მიზეზებს გამოიკვლევს.
შეგახსენებთ, რომ ედოარდო ბოვე შეუძლოდ 1 დეკემბერს, „ფიორენტინასა“ და „ინტერის“ მატჩის მიმდინარეობისას გახდა. მე-16 წუთზე, როგორც იტალიური მედია წერს, ბოვე თასმების შესაკრავად ჩაიმუხლა და სწორედ ამ დროს, ეპილეფსია დაემართა. ფეხბურთელი სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რა დროსაც, რეანიმობილში მას გულის შეტევაც ჰქონდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ექიმებმა 22 წლის ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს. „ფიორენტინასა“ და „ინტერის“ მატჩი აღარ განახლებულა და ჯერჯერობით, უცნობია როდის გაიმართება შეწყვეტილი შეხვედრა.