ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს - მიქაუტაძე ძარცვის ფაქტზე
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლიონთან ახლოს მდებარე კომუნა შალეში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ძვირფასეულობა და ტყავის ნივთები მოიპარეს, ზარალი 150 000-200 000 ათასი ევროა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგი მიქაუტაძემ Instagram-ის „სთორიში’’ დაწერა: „გუშინდელი ღამის შემდეგ მინდა დაგამშვიდოთ: თავს კარგად ვგრძნობ და რაიმე ფიზიკურად ზიანი არ მიმიღია. მადლობა ბევრი მხარდამჭერი სიტყვებითვის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ფოკუსირებული ვრჩები ჩემს მიზნებზე და ძალიან მალე შევხვდებით. თავს გაუფრთხილდით’’.
ფაქტი პირველ დეკემბერს დაფიქსირდა, როცა „ლიონმა’’ „ნიცასთან’’ მატჩი გამართა და მიქაუტაძე სახლში დაბრუნდა. ორი მძარცველი მიქაუტაძის სახლში შეიჭრა და მას სახლში ელოდებოდა. როცა ფეხბურთელი დაბრუნდა, მძარცველები მას იარაღით დაემუქრნენ, თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მიქაუტაძე იძულებული იყო მათთვის ძვირადღირებული ნივთები დაეთმო. სამართალდამცავებმა გამოძიება დღეს დილით დაიწყეს.
რაც შეეხება „ლიონის'' თამაშს, პერ საჟეს გუნდმა შინ „ნიცას'' 4:1 მოუგო, მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.