„ხვალ დილით გაგიშვებენ“ | გუარდიოლას პასუხი ლივერპულის ქომაგებს
პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა. „ქალაქელებმა“, ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგეს და „წითლებთან“ 0:2 დამარცხდნენ.
შეხვედრის ბოლოსკენ, როცა „ლივერპული“ 2:0-ს იგებდა, სკაუზერებმა პეპ გუარდიოლას დასცინეს. „ხვალ დილით გაგიშვებენ“, - სკანდირებდნენ „ენფილდზე“ მყოფი გულშემატკივრები, რაც ესპანელ სპეციალისტს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. გუარდიოლამ თითებით ექვსიანი გამოსახა - სწორედ ამდენი პრემიერ ლიგა აქვს პეპს მოგებული.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი „სიტის“ ქომაგებთან მივიდა, მათ ტაში დაუკრა და იგივე ჟესტი გამოსახა, შეხვედრის შემდეგ კი მომხდარზე ვრცლად ისაუბრა: „ბოლო პერიოდში, ყველა სტადიონზე, სადაც ვითამაშეთ, უნდათ, რომ პოსტიდან გამათავისუფლონ. ეს სერია ბრაიტონში დაიწყო. შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება, მართლები არიან, მაგრამ არ ველოდი, რომ ეფილდზეც იგივე მოხდებოდა.
1:0-ზე ასეთი შეძახილები არ ყოფილა და 2:0-ზე დაიწყეს. ამას ლივერპულელი ქომაგებისგან არ ველოდებოდი, მაგრამ არაუშავს. მესმის, ფეხბურთის ნაწილია. ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრი ბრძოლა გვქონია და მათ პატივს ვცემ“.
შეგახსენებთ, რომ 13 ტურის შემდეგ, „სიტის“ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „ქალაქელების“ მომდევნო მეტოქე „ნოტინგემია“, რომელსაც 4 დეკემბერს შეხვდებიან.