„ჩვენი კონკურენცია გუნდს დაეხმარება“ | რა თქვა ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში, „ლიონი“ „ნიცას“ დაუპირისპირდა. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, ძირითად შემადგენლობაში კი ალექსანდრ ლაკაზეტმა დაიწყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მატჩის შემდეგ, ფრანგმა ფეხბურთელმა ადგილობრივ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. „ლიონის“ კაპიტანმა მიქაუტაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი და გიორგის კონკურენცია გუნდს დაეხმარება.
„ბევრს გვაკრიტიკებდნენ და სამართლიანადაც, რადგან დამაგვირგვინებელ ფაზაში, სათანადოდ ეფექტურები არ ვიყავით. მოდით, გულახდილად ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ გოლების გატანა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სტატუსის მორგება ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. იმედი მაქვს, მე და მიქაუტაძე აღმასვლას განვაგრძობთ. როცა ვთამაშობთ, ერთმანეთს ბიძგს ვაძლევთ და უფრო თავდაჯერებული გავხდით. ჩვენ შორის არსებული კონკურენცია გუნდს აუცილებლად დაეხმარება“.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაც აქვს. „ნიცასთან“ შეხვედრამდე, მან ევროპა ლიგაზე იასპარეზა და „ყარაბაღს“ დუბლი შეუსრულა.