კვარა დიდ კლუბს იმსახურებს | დავითაშვილმა ხვიჩაზე ისაუბრა
ზურიკო დავითაშვილი ცნობილ ფრანგულ გამოცემა leParisien-ს ბევრ თემაზე ესაუბრა. ინტერვიუდან ორ მონაკვეთს გთავაზობთ, ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა.
leParisien-ის კითხვა: გასულ ზაფხულში პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი ჰქონდა. განიხილეთ ეს თემა? ფიქრობ რომ ლიგა 1-ში თამაშით სიამოვნებას მიიღებს?
„ის ჩემი ახლო მეგობარია, ჩემი ძმაა. ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია. მას არაფერი უკითხავს. ბრწყინვალე ფეხბურთელია. ვფიქრობ დიდ კლუბებში თამაშს იმსახურებს, როგორებიც არიან: მადრიდის „რეალი’’, „ბარსელონა’’, „მან. იუნაიტედი’’, „ლივერპული’’, პსჟ...დიდი, დიდი გუნდები. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ ზაფხულში, მაგრამ ვფიქრობ ლიგა 1 შესაძლოა მისთვის ძალიან კარგი იყოს: გახსნილი თამაში, შემტევი ფეხბურთი, უამრავი დუელი, სივრცეები... მის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაშისას მცველები უშანსოდ არიან’’.
ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში’’ გადასვლის პერიოდი გაიხსენა.
„ადმარ ლოპესი (სპორტული დირექტორი) და დიეგო ლოპესი (ახალი ფეხბურთელების დამატებაზე პასუხისმგებელი) ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ. შემდეგ ადმარ ლოპესმა დამირეკა, მომიყვა კლუბის შესახებ, იქ ცხოვრების შესახებ... ყველაფერში დამეხმარა, როცა „ბორდოში’’ ჩავედი, რაც შემდეგ თამაშზე აისახა.
როცა ზაფხულში „სენტ-ეტიენისგან’’ წინადადება მივიღე, ამ კლუბის შესახებ ინფორმაცია მქონდა, მათ წინააღმდეგ მითამაშია. ვიცოდი რომ სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, სტადიონი, ცხოვრება... ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ითამაშო’’.
23 წლის დავითაშვილი „ბორდოში'' ორი სეზონი, 2022-24 წლებში თამაშობდა. ჟირონდულ კლუბში ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე საერთო ჯამში 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. გასულ ზაფხულში „სენტ-ეტიენმა'' ქართველი შემტევი 5 მილიონ ევროდ შეიძინა, პლუს 1-მილიონიანი ბონუსი. მალევე გუნდის ლიდერად იქცა, ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, 13-დან ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო. მის აქტივში ჰეთ-თრიკი („ოსერთან’’) და დუბლია („ანჟერთან’’). ასევე, „ლილისთან’’ და „ნანტთან’’ საგოლე პასები შეასრულა. მოკლედ, გუნდს შესანიშნავად შეეწყო და კარიერული პროგრესისთვის კარგ საფუძველს ქმნის.