ბრწყინვალე მატჩი და ორმაგი დუბლი | ბითაძის ორლანდომ ბრუკლინ ნეთსს მოუგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ბოლო 10-დან მეცხრე შეხვედრა მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ამჯერად „ბრუკლინ ნეთსთან“ იმარჯვა და სტუმრად გამართულ თამაშში, მეტოქე 100:92 დაამარცხა.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 31 წუთი და 48 წამი გაატარა. გოგა ბრწყინვალე იყო და მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა - 12 ქულა, 13 მოხსნა (4 მოწინააღმდეგის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება.
ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა. გოგას პასივში ერთი დაკარგვა და ოთხი პერსონალური ფოლი იყო. როცა ბითაძე პარკეტზე იყო, „ორლანდომ“ „ბრუკლინზე“ ცამეტით მეტი ქულა ჩააგდო, „მეჯიქის“ რიგებში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კენტავიუს კალდუელ-პოუპს ჰქონდა - 14.
„ორლანდოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 20 ქულა ფრანც ვაგნერის ანგარიშზეა, თუმცა, მან 17-დან მხოლოდ 4 სროლა გამოიყენა. კალდუელ-პოუპმა თავი 16 ქულას მოუყარა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა კი მატჩი 14 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.
ცნობისთვის, „მეჯიქს“ 15 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილს იკავებს. გოგას გუნდის მომდევნო მეტოქე „ნიუ იორკ ნიქსი“ გახლავთ, რომელსაც „ორლანდო“ 4 დეკემბერს დაუპირისპირდება.