20-წლიანი პაუზის შემდეგ - სიტი პრემიერ ლიგაში შვიდი ტურია ვერ იგებს
ინგლისის პრემიერ ლიგაში არნე სლოტისა და პეპ გუარდიოლას პირველი სამწვრთნელო დუელი „ლივერპულის“ ნიდერლანდელი დამრიგებლის გამარჯვებით დასრულდა და მერსისაიდელებმა გათამაშების XIII ტურში „მანჩესტერ სიტი“ 2:0 დაამარცხეს. ეს გამარჯვება „წითლებისთვის“ სატურნირო ცხრილში პოზიციების განმტკიცების გარდა, სხვა კუთხითაც მნიშვნელოვანი გახლდათ - მათ „ქალაქელები“ 4-მატჩიანი და 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხეს, ხოლო „სიტის“ მოუგებელი სერია „ენფილდ როუდზე“ 2021 წლის თებერვლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბუნებრივია თამაშის დასრულების მერე საინტერესო იყო კლუბების მთავარი მწვრთნელების კომენტარები.
არნე სლოტი
იმ თავდადებისა და საოცარი პრესინგის წყალობით, რომელიც მეტოქეს შევთავაზეთ, გავიმარჯვეთ და თითქმის იდეალური მატჩი გამოგვივიდა. თითქმის იმიტომ, რომ გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა უფრო ადრეც შეიძლებოდა, თუმცა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ.
„მანჩესტერ სიტი“ ყოველთვის ყველასთვის სახიფათო მეტოქეა, რადგან გარდა იმ არაჩვეულებრივი ტაქტიკისა, რომლითაც ეს გუნდი ასპარეზობს, მათ ჰყავთ უძლიერესი ინდივიდუალისტები, თუმცა დღეს ჩვენს შემადგენლობაში მათზე არანაკლებ ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობდნენ. რაც შეეხება ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შეცვლას, მცირე ტრავმა მიიღო და გადავწყვიტეთ აღარ გაგვერისკა.
პეპ გუარდიოლა
საწყისი 15-20 წუთის განმავლობაში „ლივერპული“ უბრალოდ შეუჩერებელი იყო, ვცდილობდით ბურთის გაკონტროლებას და ბევრი პასის გაკეთებას, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას, ჩვენ კი გარკვეულწილად გადატვირთვა უნდა გავაკეთოთ და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან და რა შედეგით დავასრულებთ წლევანდელ სეზონს.
მარცხის მიუხედავად, ჩემი ფეხბურთელების შექებისგან თავს არ შევიკავებ - კევინ დე ბრუინმა მიცემული წუთები სათანადოდ გამოიყენა, ჯეკ გრილიშმა თავის პოზიციაზე კარგად ითამაშა, კარგი იყო ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ჟერემი დოკუ, ხოლო ნათან აკემ მსოფლიოს საუკეთესო ვინგერების წინააღმდეგ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.
ცნობისათვის, „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის ჩემპიონატში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი „ქალაქელებს“ ოცი წლის წინ, 2004 წელს ჰქონდათ, როდესაც გუნდს კევინ კიგანი ამზადებდა.