„გამარჯვებაში ყოველთვის მისი ხელი ურევია“ - იტალიური მედიის შეფასება
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა. ქართველ შემტევს აქტიური მატჩი ჰქონდა და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მიზნამდე მცირედი დააკლდა. გოლის ეპიზოდში ხვიჩამ საგოლე გადაცემა შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას თამაში შეაფასა:
Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: ბურთი ჯერ მარჯვნივ, შემდეგ კი მარცხნივ გადაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. მაკტომინეის გოლის გასატანად ბრწყინვალე მდგომარეობა შეუქმნა. მისთვის, ამ სეზონში მესამე ასისტი იყო და 14 თამაშში უკვე მე-8 გოლში მიიღო მონაწილეობა. შესაძლოა, წინა ორ სეზონთან შედარებით ნაკლებად ანათებს, მაგრამ „ნაპოლის“ გამარჯვებაში მისი ხელი ყოველთვის ურევია.
Calcionapoli1926 – 6.5 ქულა: პირველ ტაიმში მოედანზე აშკარად მოტივირებული შევიდა და ეტყობოდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი უნდა გაეკეთებინა. ასეც იყო - მაკტომინეიზე საგოლე პასი, რომლის დროსაც ბრწყინვალე მოძრაობით ბურთი მცველებისთვის უჩინარი გახადა. მეორე ტაიმში, რიგ ეპიზოდებში შესაძლოა, ზედმეტად ჯიუტიც იყო, მაგრამ ყველა ეპიზოდში თავგანწირვით თამაშობდა. როდესაც აღარ ბრწყინავდა, კონტემ სათადარიგოთა სკამზე დასვა.
Calcionapoli24 – 6.5 ქულა: მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო და ოლივეირას ფლანგს ბრწყინვალედ უხსნიდა. გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ვანდამ მისი თავური მოიგერია. პირველ ტაიმში მის წინააღმდეგ ბევრს ჯარიმდებოდნენ და მეტოქეს 2 ყვითელი ბარათი მიაღებინა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, დღეს მისი ლუკაკუსთან დუეტი ნაკლებად ეფექტური იყო. მისი გამოსარჩევი თვისება ისაა, რომ არასდროს ჩერდება, არასდროს!
Sport.Virgilio – 6 ქულა: დამაკმაყოფილებელი მატჩი ჰქონდა. პირველ ტაიმში ხელიდან რამდენიმე შანსი გაუშვა, მაგრამ ყველაფერი მაკტომინეისთან შესრულებული საგოლე გადაცემით გამოასწორა. ამის მიუხედავად, ნაკლებად გადამწყვეტი იყო.
Calciomercato – 6.5 ქულა: ანგარიშის შეცვლის დიდი სურვილი ჰქონდა და განუწყვეტლივ გამწვავებისკენ მიისწრაფოდა. პირველ ტაიმში მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა. მანამდე არ გაჩერდა, სანამ მაკტომინეის გოლი არ გაატანინა, რაც საბოლოოდ, გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში მე-14 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.