პროგრესი რეიტინგში - ძაგნიძეს წარმატება დაუფასდა
მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციამ დეკემბრის რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, სადაც სპორტის ამ სახეობის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო სიახლეა. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ტოპ-ათეულის უცვლელი წევრია, ორი საფეხურით წინ წაიწია და 2518 ქულით მეცხრედან მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლა.
რაც შეეხება სხვა ქართველ ქალ მოჭადრაკეებს, 2476 ქულით ნინო ბაციაშვილი მეცხრამეტე ადგილს იკავებს, მერი არაბიძის აქტივში 2457 ქულაა და 22-ე პოზიციაზეა. რაც შეეხება ლელა ჯავახიშვილსა (2426) და ბელა ხოტენაშვილს (2420), ისინი შესაბამისად 33-ე და 37-ე საფეხურებს იკავებენ.
ძაგნიძისთვის გამორჩეულად წარმატებული ტურნირი სექტემბერში უნგრეთში გამართული 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გახლდათ, სადაც ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების მიმდინარეობისას, ფიდეს 100 წლის იუბილის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა და ქალთა ჭადრაკში ყველა დროის საუკეთესო გუნდად საქართველოს ნაკრები დასახელდა.