ხვიჩას ასისტი - ნაპოლიმ სტუმრად ტორინოს მოუგო
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ქართველი შემტევი ნეაპოლიტანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. ხვიჩა თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და „ნაპოლის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
30-ე წუთზე, კვარამ ტურინელთა საჯარიმოში ბრწყინვალე მოძრაობით თავი ორ მცველს შორის გაითავისუფლა და სკოტ მაკტომინეის გაატანინა. შესაბამისად, ხვიჩამ საგოლე გადაცემა მიითვალა, „ნაპოლიმ“ კი სერია A-ში მორიგი სამი ქულა მოიპოვა.
კვარას განსაკუთრებულად პოზიტიური პირველი ტაიმი ჰქონდა. ქართველ შემტევს რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, თუმცა, მიზნამდე მცირედი დააკლდა. ხვიჩამ თავისი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7.5 ქულა, მისი საერთო სტატისტიკა კი ასეთი იყო: ბურთთან 56 შეხება, 32 პასიდან 28 ზუსტი (88%), 4 საკვანძო პასი, 3-დან 3 ზუსტი ჩაწოდება, 11-დან 5-ჯერ მოიგო პოზიციური დუელი, კარისკენ 4 დარტყმა - 1 ზუსტი, 1 არაზუსტი და 2 დაბლოკილი. 5-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 0.29 სახიფათო მომენტი, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, აქედან ორ შემთხვევაში კი მსაჯმა „ტორინოს“ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.
ხვიჩას ყველა მომენტი ტორინოსთან:
მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში მე-14 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.