კარისკენ დარტყმის 2 მცდელობა | ბუდუს კარლსრუე კონკურენტთან დამარცხდა
ბუნდესლიგა 2-ის მე-14 ტურში „კარლსრუე’’ შინ „ჰამბურგთან’’ 1:3 დამარცხდა. ბოლო ხუთი ტურიდან „კარლსრუემ’’ მხოლოდ 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 დათმო. 14 ტურის შემდეგ „კარლსრუე’’ 23 ქულით მე-5 ადგილზეა, ამდენივე ქულაა მეორეადგილოსან „ჰამბურგის’’ აქტივში.
„კარლსრუეს’’ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძე კვლავ სასტარტოში დააყენა, ბუდუს გამორჩეულად კარგი თამაში არ ჰქონია, დაცვით ფუნქციებს აქტიურად ასრულებდა, კარისკენ ორჯერ დაარტყა, თუმცა ორივე დარტყმა არაზუსტი იყო. ბუდუს ბურთთან 39 შეხება ჰქონდა, 19-დან 18 პასი ზუსტად შეასრულა, დრიბლინგის 4 მცდელობიდან 3 წარმატებული იყო, მინდორზე 7-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 4-დან - 2.
30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14-ვე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მის აქტივში 9 გოლი და 2 საგოლე პასია. ბომბარდირთა დავაში ბუდუ კვლავ ლიდერია, თუმცა მასსავით 9 გოლი კიდევ სამმა ფეხბურთელმა შეაგდო.
ბუნდესლიგა 2-ის შემდეგ ტურში „კარლსრუე’’ „კაიზერს’’ ესტუმრება (7 დეკემბერი, 16:00).