მეტ ფულს მივიღებ - ცარუკიანის მუქარა მახაჩევს
უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ 18 იანვარს, UFC 311-ზე, მსუბუქ წონით კატეგორიაში ისლამ მახაჩევსა და არმან ცარუკიანს შორის სატიტულო ბრძოლა შედგება. ჯერჯერობით არც კონტრაქტი გაფორმებულა და არც ოფიციალურად გამოცხადებულა ამის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც სომეხი, ასევე დაღესტნელი მებრძოლი უკვე ამ შეხვედრისთვის ემზადებიან. მედიის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ინტერვიუში კი მომავალი შეხვედრის შესახებ ცარუკიანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
არმან ცარუკიანი
ჩემი მენეჯერი მეუბნება, რომ ჩემსა და ისლამს შორის სატიტულო ბრძოლა 2025 წლის დასაწყისში შედგება, თუმცა კონკრეტული თარიღის შესახებ ჯერჯერობით მანაც არაფერი იცის. იმედია დენა უაითი UFC 310-ის შემდეგ ყველას ყველაფერს გვეტყვის. იცით, რა წერია ჩემს კონტრაქტში? ის, რომ თუ მახაჩევს არბიტრების გადაწყვეტილებამდე დავამარცხებ, გაცილებით მეტ თანხას მივიღებ. თუმცა, როგორ მოვიგებ, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ - მთავარია ბრძოლის შემდეგ ქამარი ხელთ მქონდეს.
ცნობისათვის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა რივზან მაგომედმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტი ისლამ მახაჩევის ჩხუბს 18 იანვარს აუცილებლად დაესწრება და მეტიც, ხაბიბი ბრძოლის დროს ისლამთან ახლოს იქნება და საჭირო რჩევებს მისცემს.
შეგახსენებთ, რომ ეს სპორტსმენები პირველად 2019 წლის აპრილში შეხვდნენ და მაშინ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მახაჩევმა გაიმარჯვა.