მამასთან კონფლიქტის მიზეზები - ციციპასი ახალ მწვრთნელს ეძებს
სტეფანოს ციციპასს კარიერაში ურთულესი პერიოდი უდგას - ბოლო ტურნირი მან 2023 წლის აგვისტოში მექსიკაში მოიგო, მას შემდეგ ვერც დიდი სლემის შეჯიბრებებსა და ვერც მასტერსებზე წარმატების მიღწევას ვერ ახერხებს. როგორც ჩანს, შექმნილ მძიმე ვითარებაში ბერძენი ჩოგბურთელისთვის განტევების ვაცი მამამისი და მისი პირადი მწვრთნელი აპოსტოლოს ციციპასი აღმოჩნდა, რომელთანაც თანამშრომლობა შეწყვიტა. მამა-შვილს შორის არსებული უთანხმოების მიზეზებზე სტეფანოსის დედამ ისაუბრა.
რას ამბობს იულია სალნიკოვა
ვფიქრობ, რომ ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება და კონფლიქტს ბევრი წინაპირობა ჰქონდა, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და სტეფანოსში ახლა, მისთვის არცთუ წარმატებული პერიოდის დროს ამოხეთქა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი შვილი ძლიერი ინტროვერტია, ქმარი კი ძლიერი ექსტრავერტი, რის გამოც მათი 10-წლიანი თანამშრომლობაც ჩემთვის დიდ გაკვირვებას იწვევდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ციციპასი ახალ მწვრთნელს უკვე აქტიურად ეძებს, თუმცა რეალურ კანდიდატურებზე პრესაში ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. 26 წლის ბერძენს კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირი არასოდეს მოუგია, საუკეთესო შედეგი კი 2021 წლის როლან გაროსსა და 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე აჩვენა, სადაც ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.