პრემიერ ლიგის ახალი რეკორდები - ბორნმუთის ლიდერებმა ისტორია დაწერეს
ინგლისის პრემიერ ლიგის XII ტურში „ბორნმუთმა“ სტუმრად „ვულვზი“ 4:2 დაამარცხა, წარმატების მთავარი შემოქმედი კი „ალუბლების“ ორი ფეხბურთელი, ევანილსონი და ჯასტინ კლუივერტი იყო. 25 წლის ნიდერლანდელმა სამი 11-მეტრიანი გაიტანა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სამივე შემთხვევაში 25 წლის ბრაზილიელმა გამოიმუშავა, რომელიც ზაფხულში „პორტუდან“ კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხად, 40 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ევანილსონმა წლევანდელ ინგლისის ჩემპიონატში გუნდს პენალტის დარტყმის უფლება უკვე 5-ჯერ მოუპოვა, რითაც ლიგაში ბუნებრივია საუკეთესოა და მასთან ყველაზე ახლოს „საუთჰემპტონის“ 18 წლის გარემარბი ტაილერ დიბლინგია, რომელმაც არბიტრებს 11-მეტრიანი 2-ჯერ დაანიშნინა.
რაც შეეხება ჯასტინ კლუივერტს, ის მამამისის, პატრიკის მსგავსი კარიერით ჯერჯერობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ორი დასამახსოვრებელი რეკორდის ავტორი უკვე გახდა. ერთი გუშინ დაამყარა, როდესაც პრემიერ ლიგის ერთ მატჩში სამი პენალტი გაიტანა, რაც ამ ჩემპიონატში, 90-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ მას შემდეგ რაც ინგლისის პირველობას პრემიერ ლიგა ეწოდა, არავის გაუკეთებია. უფრო ადრე კი, ეს მხოლოდ ერთ მოთამაშეს, „მანჩესტერ სიტის“ წევრს კენ ბარნსის აქვს შესრულებული, რომელმაც 1957 წელს ერთ მატჩში 3 პენალტი ზუსტად დაარტყა.
კლუივერტამდე ერთ მატჩში პენალტების ჰეთ-თრიკის შესრულებასთან სხვადასხვა ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატში ახლოს ორჯერ იყო. 2014 წლის 16 მარტს, „ლივერპულმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერი“ 3:0 დაამარცხა. დუბლი სტივენ ჯერარდმა მიითვალა და ორივე გოლი 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. მერსისაიდელთა კაპიტანს მესამეჯერაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ამის გაკეთების საშუალება დავიდ დე ხეამ არ მისცა. ამავე წლის 18 ოქტომბერს “მანჩესტერ სიტი“ – „ტოტენჰემის“ (4:1) მატჩში სერხიო აგუერომ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ორჯერ ზუსტად დაარტყა, შუალედში კი კიდევ ერთი პენალტის გატანა შეეძლო, მაგრამ მას „დეზების“ მეკარე უგო ლორისმა აჯობა.
კარიერის მანძილზე „ბორნმუთის“ (50 მატჩი, 14 გოლი) გარდა, უმცროს-კლუივერტს „რომაში“ (68 მატჩი, 9 გოლი), „ლაიპციგში“ (27 მატჩი, 4 გოლი), „ნიცასა“ (31 მატჩი, 6 გოლი) და „ვალენსიაში“ (29 მატჩი, 8 გოლი) უთამაშია და იმ იშვიათ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ევროპის ხუთივე ტოპ-ლიგაში აქვს გოლი გატანილი.