კუტალიას გამარჯვების გოლი - ტორპედო საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა'' შინ ქუთაისის „ტორპედოს'' 2:1 მოუგო. ამ მარცხის შემდეგ სტივ კინის გაწვრთნილმა „ტორპედომ'' ჩემპიონობის შანსი დაკარგა, დარჩენილ ერთ მატჩში ლიდერ „იბერიასთან'' 4-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.
ამ ეტაპზე ლიდერ „იბერიასთან'' ერთად ჩემპიონობის შანსს გორის „დილას'' ინარჩუნებს, რომელიც 35-ე ტურის შეხვედრას დღეს ბათუმის „დინამოსთან'' სტუმრად გამართავს, თამაში 20:00 საათზე დაიწყება. იმისთვის, რომ „დილა'' ჩემპიონი გახდეს, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა „იბერიამ'' დარჩენილი ორი მატჩი უნდა დათმოს, ახლა გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულაა. დღეს „იბერია'' ელიტაში ადგილისთვის მებრძოლ „გაგრას'' შეხვდება და თუ 1 ქულას მაინც მოიპოვებს, ჩემპიონობას გაინაღდებს.
„სამგურალი'' - „ტორპედოს'' მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე წყალტუბოელთა კაპიტანმა თედო კიკაბიძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. თერთმეტმეტრიანი ლევან კუტალიამ მოიპოვა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი „ტორპედოს’’ მეკარემ, ოთო გოშაძემ დაარღვია.
ანგარიში 37-ე წუთზე ბიორნ იონსენმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა. 11-მეტრიანი ნორვეგიელმა გამოიმუშავა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი ბრაზილიელმა ბულმა დაარღვია. 33 წლის იონსონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა. 22-დან 6 გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.
დამატებულ წუთზე ლევან კუტალიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და ამ გოლმა „ტორპედოს'' ჩემპიონობის თეორიული შანსი გაუქრო. 35 წლის ლევან კუტალიამ ბოლო ექვს მატჩში 8 გოლი შეაგდო, ბათუმის „დინამოსთან'' დუბლი შეასრულა, „გაგრასთან'' - პოკერი, „სამტრედიასთან'' და „ტორპედოსთან'' გამარჯვების მომტანი გოლებით დაეხმარა გუნდს.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ფოთის „კოლხეთმა’’ შინ თბილისის „დინამოს’’ 3:0 სძლია. ანგარიში მე-15 წუთზე გიორგი ახალაძემ გახსნა, 24-ე წუთზე კუთხურისას კირილ კლიმოვმა თავური გადაცემა შორეულ ძელთან შეასრულა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ერეკლე ჯიჯავაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი აბუაშვილმა 89-ე წუთზე დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ „კოლხეთი'' 38 ქულით მე-7 ადგილზეა და ამ მომენტში, როცა კონკურენტებს ჯერ არ უთამაშიათ, გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს. თბილისის „დინამოს'' ანგარიშზე 39 ქულაა, მე-6 ადგილზეა, გასავარდნ ზონასთან 4-ქულიანი სხვაობა აქვს.