„ცუდიდან უარესამდე“ - რა ხდება ბარსელონაში? | MARCA-ს ანალიზი
ლა ლიგის მიმდინარე ტურში ბარსელონა საკუთარ კედლებში ლას პალმასთან 1:2 დამარცხდა. კატალონიურმა გრანდმა შიდა ჩემპიონატში ბოლო 3 მატჩიდან ორი წააგო და 1 ფრედ დაასრულა.
დიდებული დასაწყისის შემდეგ, ბლაუგრანას თამაში გაუარესდა. ამასთან დაკავშირებით, ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA სტატიას გვთავაზობს სახელად: „ცუდიდან უარესამდე“
Marca:
სამი კვირის წინ ბარსელონა თითით საჩვენებელი გუნდი იყო. მათ ყველა აქებდა. ბარსელონა ორთქლმავალივით იყო, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაში. მადრიდის რეალს მსუყე უპირატესობით სჯობდნენ და თამაშობდნენ ისეთ შემტევ ფეხბურთს, როგორსაც დღეს სხვა ევროპული გუნდები ვერ თამაშობენ..
სამ თამაშში ყველაფერი დაინგრა და ზუსტად არავინ იცის რატომ.. გუნდი სან სებასტიანში ჩავარდა და ვიგოში გაიმეორა. ეს შაბათი ლას პალმასის წინააღმდეგ სარეაბილიტაციოდ კარგ შესაძლებლობად ჩანდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ფლიკის გუნდი ცუდიდან უარესისკენ მიდის და ყველაფერს ის ამძაფრებს, რომ ბარსელონა საკუთარ მოედანზე დამარცხდა..
ხარვეზები იგივეა, რაც წინა მატჩებში. ცუდი შეტევა და დაცვაში მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვება, რაც საბოლოო შედეგზე ცუდად ისახება. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ძირითადი შემადგენლობის წევრები დაბრუნდნენ. გუნდის შესრულება კი საგრძნობლად დაეცა..
ლას პალმასთან რაფინიას გოლის შემდეგ, ბლაუგრანა დაბრუნებას იწყებდა, მაგრამ სტუმართა მეორე გოლმა ყველაფერი მოკლა. ფლიკის შეგირდებს რეაქცია აღარ შეეძლოთ. ისევე როგორც სელტასთან, როდესაც მათ მხოლოდ 4 წუთში ორი გოლი გაუშვეს. თითქოს გუნდი ითიშება და უნარს კარგავს..
მატჩის დასრულების შემდეგ, რაფინიამ განაცხადა: „ჩვენი დონე დაეცა“..
ბრაზილიელი შემტევის ეს სიტყვებიც ადასტურებს იმას, რომ ბარსელონაში რაღაც ისე აღარ კეთდება. რაფინიამ სხვა რაღაცებიც თქვა, მაგრამ მკაფიო და კონკრეტული არაფერი. ის აქცენტს კარის ხაზის წინ დაშვებულ შეცდომებზე აკეთებდა და წარუმატებლობის რეალური მიზეზები არ ახსნა..
კატალონიელებს ახლა წინ ორი რთული გასვლითი მატჩი ელოდებათ. ფლიკის გუნდი ჯერ მალიორკას, შემდეგ კი ბეტისს დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, ეს ორი მატჩი აჩვენებს რეალურია, თუ არა ბარსელონას კრიზისი..
ამ მომენტისთვის, ბარსას 34 ქულა აქვს და ლა ლიგის ლიდერია, მაგრამ რეალს 30 ქულა და ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ესპანეთის ჩემპიონატს პოტენციურად სამეფო კლუბი ლიდერობს.
ბარსელონა - ლას პალმასი 1:2