ტორინოსთან მატჩისთვის - კონტემ ხვიჩას ახალი მითითებები მისცა
სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი ტორინოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, La Gazzetta dello Sport საინტერესო სტატიას გვთავაზობს.
გამოცემა კვარაცხელიას ახალ როლზე წერს. ვიგებთ, რომ ანტონიო კონტე მას ტურინული კლუბის წინააღმდეგ ახალ დავალებას აძლევს.
იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა უფრო მეტად შეიწიოს ცენტრისკენ და რომელუ ლუკაკუს დაეხმაროს.
ხვიჩა მარცხენა ფლანგის გამოკვეთილი გარემარბია, თუმცა კონტეს სურს, რომ ტორინოს წინააღმდეგ უფრო ხშირად შეიწიოს საჯარიმოსკენ, რათა მეტოქის მცველებს მთელი აქცენტი ბელგიელ თავდამსხმელზე არ ჰქონდეთ.
ანტონიო თვლის, რომ ასე მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს დააბნევს და ლავირების საშუალება არ ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის პარტენოპეი სერია ა-ს 29 ქულით ლიდერობს. ატალანტას, ინტერს, ფიორენტინას და ლაციოს 28-28 ქულა აქვთ. ტორინოსთან სტუმრად გამარჯვება კი ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.