“მისი შეშფოთება ვიგრძენი“ - კომპანი კეინის ტრავმაზე
ბუნდესლიგის მორიგ ტურში დორტმუნდის ბორუსიამ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და მოედანი 33-ე წუთზე დატოვა. ამ ფაქტმა კი, რა თქმა უნდა, რეკორდმაისტერის გულშემატკივრები შეაშფოთა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტული გერმანული გამოცემები წერდნენ, რომ ტრავმა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული ყოფილიყო. ინგლისელ თავდამსხმელს ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს.
თავად კეინმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჯერ ვერაფერს გეტყვით. საჭიროა დამატებითი გამოკვლევები.“
შექმნილ სიტუაციაზე მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ისაუბრა: „ჰარიმ თქვა, რომ საქმე არც ისე ცუდად არის და იმედია ასე, მაგრამ მე მისი შეშფოთება ვიგრძენი. ვნახოთ რა მოხდება. საჭიროა დამატებითი გამოკვლევა. მისი ლევერკუზენთან თამაში ძალიან რთული იქნება, თუმცა მე არ ვიცნობ ფეხბურთელს, რომელსაც ასე სწრაფად შეუძლია გამოჯანმრთელდება.“
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება ბაიერნს, კომპანის გუნდი ბუნდესლიგას 30 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ აინტრახტს 7 ქულით უსწრებს, თუმცა ფრანკფურტელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.