Repubblica: ნაპოლიმ ხვიჩას შემცვლელის ძებნა დაიწყო
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
არის ალბათობა, რომ ქართველი ფეხბურთელი 2025 წლის ზაფხულში პარტენოპეის დატოვებს. ამასთან დაკავშირებით, გამოცემა Repubblica საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნაპოლი ხვიჩას შემცვლელზე უკვე ფიქრობს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება და კვარას აურელიო დე ლაურენტისი გაყიდის, გუნდი ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც ახლა ლივერპულში თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ქართველ შემტევს 6 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს, თუმცა ხვიჩას გარემოცვა 8 მილიონ ევროს ითხოვს. მოთხოვნის პარალელურად კი უფრო პრიორიტეტული ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერაა.
საუბარი 80 მილიონ ევროზეა, რაც აურელიო დე ლაურენტისისთვის ყოვლად მიუღებელია. შექმნილი სიტუაციიდან ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს.
რაც შეეხება კიეზას, მან ლივერპულში ფეხი ვერ მოიკიდა და ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ზის. ამას პლუს ტრავმებიც ემატება და ჯერჯერობით მერსისაიდულ გრანდში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. ამ ფაქტების გათვალისწინებით, პარტენოპეის მისი გადაბირება არ უნდა გაუჭირდეს.