კიტეიშვილს შედევრამდე ცოტა დააკლდა - შტურმმა ალტახთან ქულები გაიყო
ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში შტურმი ალტახს ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ უფრო აქტიურები სტუმრები იყვნენ.
კარგი მატჩი ჰქონდა ოთარ კიტეიშვილს, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტაიმში ჰაერიდან ერთი შეხებით დაარტყა. გოლი გარდაუვალი იქნებოდა, რომ არა, ალტახის ფეხბურთელი, რომელმაც ბურთი თავით ცარიელი კარიდან გამოიტანა.
ანგარიში პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბირეტმა გახსნა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ შტურმი მორიგ სამ ქულას ჩაიწერდა, მაგრამ მატჩის მიწურულს მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი ცვლილებაზე გამოსულმა გუგაინგმა გამოიჩინა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, შტურმს სატურნირო ცხრილში 33 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციაზე მყოფ რაპიდს 6 ქულით უსწრებს, თუმცა რაპიდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.