4-მატჩიანი პაუზის შემდეგ - დალასს ლიდერი უბრუნდება
„დალასის“ ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა ხელით ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, გუშინ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დილით ტეხასელებს გასვლით ტურნეში გაჰყვა, რომელსაც „მავერიქსი“ დღეს „იუტასთან“ მატჩით დაიწყებს. როგორც დალასელების მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა განაცხადა, სლოვენიელი კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს, თუმცა „ჯაზთან“ მისი თამაში მაინც ნაკლებად მოსალოდნელია და დონჩიჩი გუნდს სავარაუდოდ ხვალ, „პორტლენდთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება.
დონჩიჩის გარეშე „მავერიქსს“ მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელება მაინცდამაინც არ გასჭირვებია და იმ 4 მატჩიდან, რომელშიც ლუკა პარკეტზე არ იმყოფებოდა, გუნდმა სამი მოიგო და მხოლოდ ერთხელ, „მაიამი ჰიტისთან“ (118:123) ოვერტაიმში დამარცხდა. სამიდან ორ შემთხვევაში გუნდს კაირი ირვინგმა, ერთხელ კი ნაჯი მარშალმა ულიდერა.
უკვე ლეგენდადქცეული სლოვენიელი კალათბურთელი „დალასის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს, 2020-დან 2024 წლამდე კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში ზედიზედ ხუთჯერ ითამაშა.