ჩაეძინა, მაგრამ ფინალში გაგვიყვანა - უილიამსი იამალზე
გუშინ მადრიდში დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა, რომელიც ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრების ევრო 2024-ზე ტრიუმფალურ გამოსვლას ეძღვნებოდა. ღონისძიებას ბუნებრივია „ფურია როხას“ ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ და მათ შორის გახლდათ „ბილბაოს“ შემტევი ტიპის ნახევარმცველი ნიკო უილიამსი, რომელსაც გასულ ზაფხულს განვითარებული მოვლენების გახსენება სთხოვეს და საკმაოდ საინტერესო ისტორია მოჰყვა, რომელიც აქამდე გულშემატკივარმა არ იცოდა.
რას ამბობს ნიკო
ყველაზე კარგად და მხიარულად ერთი ისტორია მახსენდება. თუმცა, ეს ახლაა მხიარული, თორემ მაშინ ძალიან ვნერვიულობდი. საფრანგეთთან ნახევარფინალურ მატჩზე ავტობუსით რომ მივდიოდით, ჩემს გვერდზე ლამინ იამალი იჯდა. როდესაც ფეხბურთელები მეტოქეზე ვსაუბრობდით და ფრანგების ტაქტიკას განვიხილავდით, მას ჩაეძინა. წარმოიდგინეთ, თამაშამდე ერთი საათით ადრე ჩაეძინა და მეშინოდა რომ გაღვიძებას ვერ მოასწრებდა. თუმცა, გაიღვიძა და ისეთი გოლი გაიტანა, რომ ფინალში გაგვიყვანა. ის ძილს მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, რომ ძალების აღდგენა მომზადებაში ყველაზე მეტად ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ იამალი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და თავის გამოჩენა როგორც ფრანგებთან ნახევარფინალურ, ასევე ინგლისელებთან ფინალურ შეხვედრაში შეძლო. ბოლო კვირები მან ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ბოლო ინფორმაციით „ლას პალმასთან“ დღეს გასამართი მატჩისთვის მზად არის.