ორლანდოს ზედიზედ მეხუთე - ბითაძე გუნდს მოგებაში დაეხმარა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი სეზონის რეგულარულ გათამაშებაში „ორლანდომ“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. „მეჯიქმა“ სტუმრად „ბრუკლინი“ 23-ქულიანი სხვაობით, 123:100 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში პოზიციები განიმტკიცა.
გოგა ბითაძემ 27 წუთი გაატარა პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა ექვსიდან ორი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. ექვსი მოხსნიდან სამი დაცვაში, სამი კი შეტევაში ასპარეზობისას შეასრულა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 5 დაფარება, 2 დაკარგვა, 1 ჩაჭრა და 5 პერსონალური ჯარიმაა. მატჩის MVP კი, გოგას თანაგუნდელი ფრანც ვაგნერი გახდა, რომელმაც 29 ქულა, 8 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
14 მოგებითა და 7 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „კლივლენდ კავალიერსსა“ და „ბოსტონ სელტიქსს“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ხვალ ღამით, ბითაძე და მისი თანაგუნდელები ისევ „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩაატარებენ და მატჩი თბილისის დროით, 00:30 წუთზე დაიწყება.