მაღალი რისკის გამო - ლაციოს ფანებს ამსტერდამში არ უშვებენ
12 დეკემბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-6 ტურში „აიაქსი“ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერ „ლაციოს“ უმასპინძლებს, თუმცა „იოჰან კრუიფ არენაზე“ გასამართ შეხვედრას ბიანკოჩელესტეს ფანები ვერ დაესწრებიან. ეს გადაწყვეტილება ქალაქ ამსტერდამის ეგრეთწოდებულმა უსაფრთხოების სამკუთხედმა მიიღო, რომელიც რომელიც მერიისგან, პოლიციის სამმართველოსგან და პროკურატურისგან შედგება.
მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი კი გახლავთ მაღალი რისკი იმისა, რომ „ლაციოს“ ფანების გამო, რომლებიც მემარჯვენე ექსტრემისტული, ანტისემიტური და რასისტული გამოხდომებით გამოირჩევიან, ესკალაციის დიდი ალბათობა არსებობს და მათი ეს ქმედება ამ ყველაფრის პრევენციისკენ არის მიმართული. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რომაული კლუბის გულშემატკივართა დაჯგუფება ცნობილია ექსტრემისტებისა და ფაშისტების მიმართ სიმპათიებით, რისი მაგალითებიც არის ჰიტლერის ნაცისტური მისალმება, სვასტიკის ნიშნის გამოყენება და ანა ფრანკის გამოსახულების შეურაცხყოფა. ნიდერლანდებში გამართული გასვლითი მატჩების დროს, „ლაციოს“ ქომაგები ასევე შემჩნეული იყვნენ პიროტექნიკის გამოყენებაში, რაც ამსტერდამის პოლიციამ ასევე რისკების ჩამონათვალში შეიყვანა.
„ლაციოს“ ხელმძღვანელებმა ნიდერლანდების დედაქალაქის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილება ვერ დამალა და ამ ყველაფერს დისკრიმინაციული საქციელი უწოდა. ბიანკოჩელესტეს შეფებმა ასევე აღნიშნეს, რომ აბსოლუტურად ყველა ქომაგს, რომელიც „აიაქსი“ – „ლაციოს“ მატჩზე მისვლას აპირებდა, მგზავრობისა და თამაშზე დასასწრები ბილეთებში გადახდილ თანხას სრულად აუნაზღაურებს.