ოფიციალურად: ლესტერს ვან ნისტელროი გაწვრთნის
„ლესტერმა“ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა - კლუბის მთავარ მწვრთნელად ნიდერლანდელი რუუდ ვან ნისტელროი დაინიშნა.
48 წლის ნიდერლანდელი „ბრენტფორდთან“ საკუთარი გუნდის თამაშს ხვალ ტრიბუნებიდან დააკვირდება, „მელიების“ თავკაცის რანგში დებიუტი კი 4 დეკემბერს, „ვესტ ჰემთან“ საშინაო მატჩში ექნება.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „ლესტერთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
რუუდ ვან ნისტელროი:
„ვამაყობ და მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას. ყველა, ვისთანაც „ლესტერის“ შესახებ ვისაუბრე, ენთუზიაზმითაა სავსე. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როდესაც ყველას გავიცნობ, და მზად ვარ, ამ გუნდისთვის ჩემი მაქსიმუმი გავიღო“.
შეგახსენებთ, რომ ვან ნისტელროიმ პსვ-სთან ერთად ნიდერლანდების თასი მოიგო, ის ასევე მუშაობდა ნიდერლანდების ნაკრებში, გუუს ჰიდინკის ასისტენტად, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტენ ჰაგის სამწვრთნელო შტაბში, ხოლო ამ უკანასკნელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დროებითი მთავარი მწვრთნელის რანგში 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „წითელი ეშმაკები“ რუბენ ამორიმის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ დატოვა.