ნასვამი დააჯარიმეს - ალფონსო დევისის პრობლემები
მიუნხენის „ბაიერნში“ ალფონსო დევისის კარიერა საწყის წლებში, ჰანსი ფლიკის მწვრთნელობის პერიოდში, გაცილებით უკეთესი და წარმატებული იყო, ვიდრე ბოლო ორ-სამ წელიწადშია. სათამაშო რეგრესს, დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემებიც ემატება, რისი ნათელი მაგალითიც გუშინდელი შემთხვევა გახლდათ.
გამთენიისას, მიუნხენის პოლიციამ გააჩერა შავი Lamborghini Urus-ი, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „რეკორდმაისტერის“ კანადელი ლეგიონერი მართავდა. პოლიციელებმა მასთან გასაუბრების შემდეგ, დევისი ალკოტესტზე შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ის მსუბუქად ნასვამი იყო, რაც გერმანიაში არსებული კანონმდებლობით კანონით არ ისჯება, მაგრამ სერიოზულ გადაცდომად ითვლება.
საბოლოოდ, დევისს 500-ევროიანი ჯარიმის გადახდა მოუწია და გარდა ამისა, მართვის მოწმობა ერთი თვით ჩამოართვეს. „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. იმ შემთხვევაში, თუ ალფონსო დევისს დასჯიან, შესაძლოა მხარეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს, რადგან კანადელს დიდი ხანია მიუნხენის დატოვება და მადრიდის „რეალში“ გადაბარგება სურს.