ოთხი ქართველი ლიდერია - მოჭიდავეთა განახლებული რეიტინგი
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ. ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში პირველი ადგილი გენო პეტრიაშვილს უკავია, რომელიც 2016 წელს რიო დე-ჟანეიროსა და 2021 წელს ტოკიოში მოპოვებული ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლების შემდეგ, პარიზში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შემდეგ, 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. ის გარდა ამ მიღწევისა, 2018 წლის პლანეტის პირველობის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის 4-გზის ბრინჯაოს პრიზიორია. 70 კილოგრამში ლიდერის პოზიცია უკავია 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ, ზაგრების გრან პრის ჩემპიონსა და ბუდაპეშტის გრან პრის ბრინჯაოს მედალოსან აკაკი ქემერტელიძეს. მის მსგავსად თავის წონაში ლიდერია მირიან მაისურაძე, რომელიც წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა და ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ამ ოთხეულის გარდა, თავის წონით კატეგორიაში ათეულში არიან გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და რობერტ დინგაშვილი (57 კგ). მცხეთელმა მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე საოცრად მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა და ოქრომდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ხოლო დინგაშვილი რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.