ნაპოლიში კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს - სამგურალის მწვრთნელი კვარაზე
უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი როდოლფო ვანოლი მუშაობს, რომელიც წყალტუბოს „სამგურალს“ უდგას სათავეში. 61 წლის სპეციალისტის მისვლის შემდეგ იმერულმა გუნდმა თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესა და Crystalbet ეროვნულ ლიგაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი თამაშის ფონზე, იტალიაში ქართული ფეხბურთი ბოლო პერიოდში დიდი ინტერესით სარგებლობს და ბუნებრივია იქაური ჟურნალისტები ვანოლისთან ინტერვიუს ჩაწერის შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ.
როდოლფო ვანოლი
საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და ამ ქვეყანაში ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილ გმირად ითვლება. რაც შეეხება ანტონიო კონტეს, „ლეჩეში“ მასთან ერთად გავიზარდე. ის არის ადამიანი, რომელიც მეგობარს გაჭირვებაში არასოდეს მიატოვებს, ხოლო თუ რა დონის მწვრთნელია, ეს იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონშიც დასტურდება.
ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში „ლეჩეში“ პედრო პაბლო პასკუალის ახლოს ვიცნობდი, რომელიც დიეგო მარადონასთან მეგობრობდა. ლეგენდარული არგენტინელი იყო ფიგურა, რომლის გაჩერებაც უბრალოდ შეუძლებელი იყო.
რაც შეეხება კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებს, ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ წასვლამდე „ნაპოლისთან“ ერთად კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს. ჩემ მომავალთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მინიმუმ ერთი წელი კიდევ დავრჩები.
„სამგურალში“ დანიშვნამდე ვანოლი სხვადასხვა პერიოდში „ლუგანოს“, „ბელინცონას“, „პორდენონეს“, „კოპერის“, „ოლიმპიას“ და „დინამო ტირანას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა.